ძალადობისგან დაცვა
სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო განცხადება ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლის მხრიდან ბავშვებზე ზეწოლის, ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, რომელიც გამოიხატებოდა გოგო მოსწავლეებისთვის კონკრეტულ ღონისძიებებში მონაწილეობის აკრძალვით. კომუნიკაცია, რომელიც მასწავლებელს მათთან ჰქონდა ხასიათდებოდა კატეგორიული ტონით, დამამცირებელი მოპყრობითა და ხორციელდებოდა სხვა მოსწავლეების თანდასწრებით. ამასთან, მასწავლებლის კომუნიკაციის შინაარსი იყო არსებითად დისკრიმინაციული და სტერეოტიპული მიდგომებით გაჯერებული.
შემთხვევაზე მუშაობის პროცესში სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ითხოვა ფაქტზე სათანადო რეაგირება. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზიტი განახორციელეს თავად სკოლაში, გაესაუბრნენ სკოლის დირექტორს, მიიღეს დეტალური ინფორმაცია მომხდარისა და შემთხვევაზე რეაგირების მიზნით, მისი მხრიდან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ბავშვთა დაცვის მექანიზმებზე და მსგავსი შემთხვევების პრევენციისა და დროულად აღსაკვეთად განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
საბოლოოდ, საჯარო სკოლის მიერ კონკრეტულ მასწავლებელს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა. ხოლო, სკოლის სხვა პედაგოგებმა მიიღეს ინსტრუქცია და გაფრთხილება, სკოლაში ბავშვთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის პრევენციის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციუმში არსებული გენდერულად სტერეოტიპული და ძალადობრივი მიდგომების აღმოფხვრის მიზნით.
საქმეზე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლიკა ღვინჯილია