საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“
2018 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“ გამართა. კონფერენციაზე ფემიციდის, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა და სისტემური პრობლემა განიხილეს და მისი პრევენციის გზებზე იმსჯელეს.
კონფერენციის გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოჯახში ძალადობის გამოვლენის გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა; აღნიშნა, რომ მხოლოდ 2017 წელს 31 შემთხვევაში ქალის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის თუ თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი ოჯახში ძალადობა გახდა. სახალხო დამცველის განცხადებით, ფემიციდის პრევენციის მიმართულებით არსებით ცვლილებებს ერთი მხრივ, ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობა და მეორე მხრივ, სამართალდამცავი უწყების მხრიდან რისკების არასწორი შეფასება და დაგვიანებული რეაგირება აფერხებს. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რისკების შეფასების მეთოდოლოგია დანერგა, რაც მოგვიანებით, სახალხო დამცველს შესაძლებლობას მისცემს ფემიციდის პრევენციაზე მისი გავლენა შეაფასოს.
„ის, თუ როგორ უმკლავდება სახელმწიფო გენდერული ნიშნით მოტივირებულ ძალადობას, განსაზღვრავს საზოგადოებაში არსებულ ბაზისურ ღირებულებებს და სამართლიანობის განცდას. სწორედ ამიტომ, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, ჩვენი მიზანია მონიტორინგის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით, შევცვალოთ არსებული მდგომარეობა,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.
კონფერენციაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ანა ილურიძემ 2017 წელს საქართველოში მომხდარი ქალთა მკვლელობების ანალიზი და ძირითადი მიგნებები წარმოადგინა. ანგარიშის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფემიციდის პრევენციის პრობლემა, ასევე გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე გამოვლენილი კვალიფიკაციისა და სახელდების ხარვეზები, უწყებების მიერ გენდერულად არამგრძნობიარე ენის გამოყენება და სხვა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2017 წელს 26 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 14 ჩადენილი იყო ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 12 სხვა პირობებში. 15 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქალის მკვლელობის მცდელობას, საიდანაც 12 შემთხვევა მოხდა ოჯახური დანაშაულის ნიშნით, 3 საქმეში კი გამოიკვეთა სხვა მოტივი. ასევე, დაფიქსირდა ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის 5 ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი 2016 წლიდან ახორციელებს ქალთა მკვლელობებზე სასამართლოს გადაწყვეტილებათა დეტალურ ანალიზს, რათა შეფასდეს ფემიციდის პრობლემის რეალური მასშტაბები, გამოყენებული დაცვისა და პრევენციის ღონისძიებები და პრობლემის სახელდებისას არსებული ხარვეზები.
კონფერენციის დასასრულს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და არგენტინის ომბუდსმენმა ხუან ხოსე ბოკელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
კონფერენციას სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.