კონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“
2019 წლის 11 დეკემბერს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ფემიციდის, როგორც ქალთა მკვლელობის უკიდურესი ფორმის და სისტემური პრობლემის განხილვა და მასზე მსჯელობა.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პირველი წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) წევრმა ბილიანა ბრანკოვიჩმა ისაუბრა ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის მნიშვნელობაზე, ფემიციდის პრობლემის საერთაშორისო მასშტაბებსა და პრევენციის ღონისძიებებზე.
სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ მოდერაცია გაუწია სესიას, რომელზეც ფემიციდის პრევენციის და მონიტორინგის მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს.
სესიაზე მოხსენებით წარსდგნენ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაკა ფერაძე, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორი ქრისტინე მორგოშია და უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი მაკა კვაჭაძე. კვლევის ძირითადი მიგნებები ექსპერტმა გიორგი გოცირიძემ წარადგინა.
პროკურატურის მონაცემებით, 2014-2018 წლებში 135 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 3 თვითმკვლელობამდე მიყვანა), საიდანაც 64 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაული (აქედან 2 თვითმკვლელობამდე მიყვანა), ხოლო 71 შემთხვევაში სხვა მოტივი (აქედან 1 თვითმკვლელობამდე მიყვანა). ასევე, ამავე წლებში 69 მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 5 თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა), საიდანაც 46 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ოჯახური ნიშნით დანაშაულის ჩადენას (აქედან 5 თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა), ხოლო 23 საქმეში გამოიკვეთა სხვა მოტივი.
2019 წლის 10 თვის მონაცემებით (იანვარი-ოქტომბერი) სულ 16 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 1 თვითმკვლელობამდე მიყვანა), საიდანაც 9 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაულის ნიშანი (აქედან 1 ქმრის მიერ ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანა), 7 შემთხვევაში სხვა მოტივი. 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, 16 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური ნიშანი გამოიკვეთა 12 შემთხვევაში, სხვა მოტივი - 4 შემთხვევაში.
კვლევის შედეგების მიხედვით, იკვეთება, რომ სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგიის არ არსებობის გამო, უწყებების მიერ ქალთა გენდერულ მკვლელობებთან დაკავშირებული სტატისტიკა ხშირად ეწინააღმდეგება ან არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც თავის მხრივ ართულებს უწყებებს შორის კოორდინაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ანგარიში არ ასახავს რაოდენობრივი კვლევის შედეგებს და მასში მოყვანილი სტატისტიკური ინფორმაცია მიღებულია სასამართლოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად.
ანგარიშის ძირითადი მიგნებების შედეგად გამოიკვეთა, რომ კვლავ პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს მიერ ქმედების ფემიციდად ან ფემიციდის მცდელობად კვალიფიკაცია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხდება გენდერული მოტივის დადგენა, ეს არ აისახება სასჯელის დამამძიმებელ გარემოებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროკურატურამ გაატაროს სათანადო ღონისძიებები ქალის მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის საქმეში გენდერული მოტივის გამოსაკვეთად.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში საქართველოს სახალხო დამცველმა შეაჯამა კონფერენციის მთავარი საკითხები და აღნიშნა, რომ ფემიციდის შემთხვევების კლების მაჩვენებელის მიუხედავად, მნიშვნელოვანია საქმეთა შესწავლისას კომპლექსური მუშაობა სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.