გაეროს ვირტუალური სესია გენდერული თანასწორობის რეალიზება და ყველა ქალისა და გოგონას გაძლიერების დაჩქარების თემაზე
2020 წლის 21 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიწვევით, მონაწილეობა მიიღო გაეროს ვირტუალური მაღალი დონის სესიაში „გენდერული თანასწორობის რეალიზება და ყველა ქალისა და გოგონას გაძლიერების დაჩქარება“. შეხვედრაზე პეკინის დეკლარაციის და სამოქმედო პლატფორმის სრული და ეფექტური იმპლემენტაციისა და 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხები განიხილეს გენდერული ასპექტების ჩართვითა და გათვალისწინებით.
სახალხო დამცველმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ქალთა და გოგონათა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით კარგი პრაქტიკის მაგალითებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ პოზიტიურ შედეგებს, მათ შორის კანონმდებლობის დახვეწისა და საერთაშორისო მექანიზმების განვითარების მიმართულებით. თუმცა, ასევე მიუთითა საზოგადოებაში ფესვგადგმულ სტერეოტიპულ შეხედულებებზე, რომელიც შემდგომ წინსვლას უშლის ხელს; ყურადღება გაამახვილა ლგბტ+ თემის, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების პრობლემებზე, რომლებიც დამატებით განიცდიან დისკრიმინაციას და შესაბამისად, კიდევ უფრო დაუცველები არიან.
სახალხო დამცველმა ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმზე და მისი საშუალებით მიღწეულ პროგრესზე, დისკრიმინაციის მანდატზე, სექსუალური შევიწროების მხრივ არსებულ გამოწვევებზე; აგრეთვე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების თაობაზე არსებულ სისტემურ პრობლემებზე და სახალხო დამცველი აპარატის საქმიანობაზე.
სესიის მონაწილეებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის სრული და ეფექტური იმპლემენტაციის თვალსაზრისით ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.
ჩანაწერი იხილეთ აქ: https://bit.ly/2Blh28u