სხვა ნიშანი

სახალხო დამცველმა ბარში შესვლისთვის დადგენილი ასაკობრივი ზღვარი დისკრიმინაციად მიიჩნია

2020 წლის 22 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „გაგრა 91“-ის (ლაუნჯ-ბარი „ბამბუ“) წინააღმდეგ სქესისა და ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.

ლაუნჯ-ბარ „ბამბუში“ არსებული პრაქტიკის თანახმად, დაწესებულებაში შესვლა მამაკაცებისთვის დასაშვებია 21 წლიდან, ხოლო ქალები ბარში 18 წლიდან დაიშვებიან. ამდენად, აღნიშნული პრაქტიკით 21 წლამდე მამაკაცებს ეზღუდებათ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა.

მოპასუხე მხარის განმარტებით, ბიჭებისათვის ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება ემსახურება კონფლიქტური სიტუაციების აცილებას და პრევენციულ პრაქტიკას წარმოადგენს, ვინაიდან ისინი ხშირად იმყოფებიან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, იქცევიან უხეშად, რის გამოც, დაწესებულების დაცვის თანამშრომლები ხშირად გამხდარან იძულებულნი, მათთვის ლაუნჯ-ბარის დატოვება მოეთხოვათ. მოპასუხე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ გოგონები უფრო მშვიდად არიან და კონფლიქტურ სიტუაციას არ ქმნიან; ხოლო რაც შეეხება ბიჭებს - 21 წლის შემდეგ, უფრო დაღვინებულები არიან და გააზრებულად იქცევიან. მოპასუხე მხარის მითითებით, აღნიშნული პრაქტიკა დაწესებულებას ეხმარება, შექმნას სტუმრებისთვის უსაფრთხო გარემო, რაც პრიორიტეტულია, რადგან მათი სტუმრების უმრავლესობა გოგონები არიან. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაწესებულებაში არსებული გენდერული და ასაკობრივი შეზღუდვის პრაქტიკა არის ბლანკეტური და სრულწლოვან პირთა გარკვეულ ჯგუფს (18-21 წლამდე მამაკაცებს) გაუმართლებლად უზღუდავს საჯაროდ შეთავაზებულ სერვისზე ხელმისაწვდომობას მათი სქესისა და ასაკის გამო. დაწესებულების მიდგომა არის სუბიექტური მოსაზრებებით განპირობებული და არ აქვს არანაირი ობიექტურად დადგენილი საფუძველი, გარდა კონკრეტული ასაკის ადამიანების განვითარებას, ჩამოყალიბებასა და ქცევებთან დაკავშირებული სტერეოტიპული და მცდარი შეხედულებებისა.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი/არმყოფი ნებისმიერი პირი - ქალი თუ მამაკაცი, ასაკის მიუხედავად, პოტენციურად, ნებისმიერ დროს შესაძლოა იყოს კონფლიქტის გამომწვევი, მოპასუხე მხარის მიერ, 18-21 წლამდე მამაკაცებზე გათვლილი, გენდერული და ასაკობრივი შეზღუდვა ვერ იქნება მიჩნეული დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და კონფლიქტის პრევენციის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მოპასუხე მხარეს, უზრუნველყოს მის მიერ საჯაროდ შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობა თანასწორობის პრინციპის დაცვით და გააუქმოს ლაუნჯ-ბარ „ბამბუში“ 18-21 წლამდე ბიჭებისათვის დაწესებული შეზღუდვა; ამ მიზნით, ონლაინ განცხადებებში და კომპანიის შიდა რეგულაციებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება.

იხილეთ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)