სექსუალური შევიწროება

სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების ფაქტი და სექსიზმი დაადგინა

2024 წლის 22 იანვარს სახალხო დამცველმა ფიზიკურ ქცევაში გამოხატული სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მოპასუხე კაცი, ნებართვის გარეშე, ფიზიკურად შეეხო განმცხადებელ ქალს.

ადამიანის სხეულზე უნებართვო შეხება შეიცავს სექსუალური დატვირთვის ქცევას და ამგვარი ქმედება სცდება მხარეებს შორის არსებული დაშვებული ინტერაქციის ზღვარს.

სახალხო დამცველმა სექსიზმის კონტექსტში განიხილა ასევე, მოპასუხის მიერ განმცხადებელთან საუბრისას გამოხატული შეფასებები მისი გარეგნობის, სხეულისა თუ პიროვნული ენერგეტიკის შესახებ. სახალხო დამცველის განმარტებით, განმცხადებლისთვის რამდენჯერმე იმის მითითება, რომ მას მამაკაცის საწყისი აქვს და კრიტიკა იმის გამო, რომ მისი გარეგნობა არ შეესაბამება მოპასუხის წარმოდგენებს სექსუალობის შესახებ, სქესის ნიშნით ადამიანის შერცხვენა და აშკარა სექსიზმის გამოვლინებაა.

რაც შეეხება კომუნიკაციისას გამოყენებულ სხვა სექსუალური შინაარსის ფრაზებს, იმის მიუხედავად, რომ დიალოგის გარკვეული ეპიზოდები ცალსახად უხამსი და სექსუალური შინაარსის იყო, მისაღები აღმოჩნდა მოსაუბრეთათვის. ამდენად, არასასურველობის კომპონენტი, რომელიც სექსუალური შევიწროების ცნების აუცილებელი ელემენტია, არ დაკმაყოფილდა.

საგულისხმოა, რომ წინამდებარე საქმის შესწავლის პროცესში, მოპასუხეს განემარტა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, თუმცა, სექსუალური შევიწროების ფაქტის უარყოფის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატში მას თავისი პოზიცია არ წარმოუდგენია.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მოპასუხეს - მომავალში, პროფესიულ და სხვა ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგენდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)