სექსუალური შევიწროება

ხელმძღვანელის მხრიდან დასაქმებულის მიმართ არავერბალური ფორმით გამოხატული სექსუალური შევიწროება დადგინდა

2024 წლის 27 თებერვალს სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროება დაადგინა. კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი კაცი კომპანიის საკუთრებაში არსებული გასაქირავებელი ბინის აბაზანიდან შიშველი, მხოლოდ წელზე პირსახოცშემოხვეული გამოვიდა, რამაც მის თანამშრომელ ქალს ღირსების შემლახველი/დამაშინებელი გარემო შეუქმნა და საბოლოოდ იძულებული გახდა, სამუშაო ადგილი დაეტოვებინა.

წინამდებარე გადაწყვეტილებაში, სახალხო დამცველმა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნის მნიშვნელობაზეც იმსჯელა და აღნიშნა, რომ შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფითი გავლენა აქვს არა მხოლოდ მსხვერპლის კეთილდღეობაზე, არამედ ორგანიზაციულ კულტურასაც აზიანებს.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა კერძო კომპანიის ხელმძღვანელს რეკომენდაციით მიმართა მომავალში, სამუშაო ადგილზე თუ სხვა ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ადამიანებს შეურაცხმყოფელი, დამაშინებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო. ხოლო, მეორე მხრივ მოუწოდა - შეიმუშაოს შიდა ორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევის შესწავლის პროცედურები მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)