საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ბიბლუსის“ წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა
2017 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ბიბლუსს“ განსხვავებული მოსაზრებების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” წარმოადგენდა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელმა, სხვა დასაქმებულებთან ერთად, შპს „ბიბლუსში“ არსებულ შრომის პირობებზე საჯაროდ - ფეისბუქის მეშვეობით - ისაუბრა. 2017 წლის 15 თებერვალს, განმცხადებელი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან შრომითი ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევების გამო.
მოგვიანებით, განმცხადებელმა სცადა „ბიბლუსი გალერეაში“ შესულიყო როგორც მომხმარებელი, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა ის შენობაში არ შეუშვა. შენობაში შეღწევიდან რამდენიმე წუთში მას ობიექტის დაცვის თანამშრომელმა შენობის დატოვება მოსთხოვა. დაცვის თანამშრომელმა განმცხადებელს განუმარტა, რომ მისმა „საქციელმა, გამოიწვია ძალიან დიდი არეულობა, [...] აურზაური, ხმაური, არეულობა...“ და ამდენად, „ზემდგომმა ხელმძღვანელებმა ჩათვალეს საჭიროდ [...], რომ [განმცხადებელს] არ აქვს შემოსვლის უფლება“; ის არის „არასასურველი და მიუღებელი სტუმარი“ და დაცვა გაფრთხილებულია, რომ განმცხადებელი „კატეგორიულად არ დაუშვან“ „ბიბლუსი გალერეას“ ტერიტორიაზე“.
რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ საჯაროდ საუბარი შპს „ბიბლუსში“ არსებულ შრომის პირობებზე, მიუხედავად იმისა, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს და იყო თუ არა შეურაცხმყოფელი, დაცული არის განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო განმცხადებლისათვის „ბიბლუსის გალერეას“ ტერიტორიაზე შესვლისა და მომსახურების აკრძალვა და მინიჭებული უფლებებით სარგებლობით შეზღუდვა იყო არაპროპორციული ზომა, რომელიც არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და შესაბამისად, არ არის გამართლებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიიჩნია, რომ შპს „ბიბლუსის“ მხრიდან გ.კ.-ს მიმართ, 2017 წლის 21 თებერვალს, ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული შეხედულებების ნიშნით.