ეროვნება / მოქალაქეობა

სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისას მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

2018 წლის 4 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქალაქეობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებლის მეუღლეს აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა, თუმცა, მან პირადად ვერ ისარგებლა „დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამის“ ანტენატალურ მეთვალყურეობის კომპონენტითა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მშობიარობა, საკეისრო კვეთის მომსახურებით, ვინაიდან არ არის საქართველოს მოქალაქე.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სოციალური/ჯანდაცვის ბენეფიტების მიღების მიზნებისთვის, საქართველოს მოქალაქეები და ბინადრობის მუდმივი მოწმობის მქონე პირები არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, ვინაიდან ბინადრობის ნებართვის მქონე პირი მოქალაქეთა თანასწორად იხდის კანონით დადგენილ გადასახადებს და თავისი წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობაში, შესაბამისად, სახელმწიფო მათ დროებითი ვიზიტორების მსგავსად არ უნდა მოეპყრას.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილებით დამტკიცებულიდედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისსახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებად დამატებით განისაზღვრნენ საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები. შესაბამისად, პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის სრული მოცულობით (4 ვიზიტით) სარგებლობის უფლება აქვს პირს, რომელიც ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია ორსულობის მე-13 კვირამდე.

სახალხო დამცველი მიესალმება ნებისმიერ დადებით ცვლილებას, რომელიც ემსახურება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისადმი თანასწორი გარემოს უზრუნველყოფას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საჭიროა მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები განისაზღვრონ ნებისმიერი სოციალური/ჯანდაცვის პროგრამების ბენეფიციარებად, საქართველოს მოქალაქეთა მსგავსად.

სახალხო დამცველმა სამინისტროს მოუწოდა, რომ არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად და მომავალში, სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

2017 წლის 5 ოქტომბერს სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბინადრობის მუდმივი ნებართვის მქონე პირებისთვის სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ რეკომენდაციით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)