რელიგია

საქართველოს სახალხო დამცველმა მუსლიმების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთისას რელიგიის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა

2017 წლის 24 აპრილს სახალხო დამცველმა რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტზე რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ „შემოსავლების სამსახურს.“ განმცხადებლების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და ააიპ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ წარმოადგენდა.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის კვეთისას, სავიზო-საპასპორტო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან დაბრკოლებები ექმნებათ მუსლიმ პირებს. მათ აყოვნებენ და კითხვებს უსვამენ მათი გარეგნობის, რელიგიური აღმსარებლობისა და ცხოვრების წესის შესახებ. ამასთან, ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ ნებაყოფლობით დათმონ თავიანთ საკუთრებაში არსებული რელიგიური ლიტერატურა. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა განმცხადებელთა რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას მათი მიმოსვლის თავისუფლების და საკუთრების უფლებების შეზღუდვის გზით.

სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ საზღვრის დაცვა და კონტროლი, როგორც წესი, სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, თუმცა, აღნიშნული ამოცანის მიღწევის სანაცვლოდ არ უნდა მოხდეს ადამიანის ძირითად უფლებებში იმგვარი ჩარევა, რომელიც მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალება არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც უფლების შეზღუდვა მხოლოდ ადამიანის რელიგიური კუთვნილებით არის განპირობებული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს მოუწოდა, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვით და ინდივიდუალურ საფუძველზე განახორციელოს შემომსვლელ და გამსვლელ პირთა საპასპორტო-სავიზო კონტროლი და თანმდევი საბაჟო პროცედურები; ამასთან, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად გადამზადდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საპასპორტო-სავიზო კონტროლს და თანმდევ საბაჟო პროცედურებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)