შეზღუდული შესაძლებლობა

რეკომენდაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ

2015 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ლ. გ.-ს ქირავნობიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობებში თავი შეიკავოს ნებისმიერი სავარაუდო ნიშნის გამო დისკრიმინაციული მოპყრობისაგან.

2015 წლის 30 სექტემბერს ლ.ბ.-ს და ლ.გ.-ს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მესაკუთრემ განმცხადებელს 300 ლარის სანაცვლოდ მიაქირავა მის საკუთრებაში არსებული 23 კვ. მეტრის ფართი, ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისას ლ.ბ.-მ მესაკუთრეს აცნობა, რომ ჰყავდა 3 შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო. მესაკუთრე დათანხმდა ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებას, რის შედეგად, ლ.ბ. მეუღლესა და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დაქირავებულ სახლში.

მესაკუთრემ, როგორც კი შენიშნა, რომ ბავშვი აუტისტისტური სპექტრის მქონე იყო, ლ.ბ.-ს მოსთხოვა მისი ბინის დაცლა.

სახალხო დამცველი მის ხელთ არსებული მტკიცებულებების ობიექტური შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მესაკუთრის მიერ ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის რეალური მიზეზი ბავშვის შესაძლებლობის შეზღუდვა იყო.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ლ.გ.-ს მიერ დამქირავებლისთვის ვადაზე ადრე ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა ბავშვის შესაძლებლობის შეზღუდვის გამო, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვისადმი ღირსებისშემლახველი სიტყვებით მიმართვა, განმცხადებლის ოჯახის იძულება დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი ღამით დაკავშირებული იყო განმცხადებლისა და მისი ოჯახის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლით დაცული უფლებებით სარგებლობასთან.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა იმ მოტივით, რომ ბავშვი არის აუტისტური სპექტრის მქონე, მესაკუთრეს არ სურს ბავშვმა მის მიერ გაქირავებულ სახლში იცხოვროს, ასევე ის მცდარი და სტერეოტიპული შეხედულება რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი აუცილებლად რამეს დააზიანებს ან/და დააშავებს ვერ ჩაითვლება განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმურ მიზნად. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში კი, განსხვავებული მოპყრობა ვერ იქნება მიჩნეული გამართლებულად.

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ლ.გ.-მ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია ლ. ბ.-ს და მისი ოჯახის წევრების მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)