სქესი / გენდერი

სახალხო დამცველმა კერძო კომპანიას ორსულობის ნიშნით შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ მიმართა

2016 წლის 18 მაისს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს” შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2013 წლის 10 სექტემბრიდან ა.ა. მუშაობდა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ ვანის ფილიალში გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე. 2015 წელს აღნიშნული პოზიცია გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა განვადების ოფიცრის პოზიცია, რომელიც ასევე მოიცავდა გაყიდვების ოფიცრის ფუნქციებს. ახალ პოზიციაზე დასანიშნად განმცხადებელმა ჩააბარა გამოცდა და გაიარა გასაუბრების ეტაპი. შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ, 2015 წლის 23 ნოემბერს, განმცხადებელთან გაფორმდა სამთვიანი შრომითი ხელშეკრულება განვადების ოფიცრის პოზიციაზე. ვადის ამოწურვის გამო, ა.ა-ს 2016 წლის 24 თებერვლიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება.

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინების მომენტიდან, გარდა, მათ შორის, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, რომელიც შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას გულისხმობს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დასახელებული მუხლი არ უნდა განიმარტოს, ისე, თითქოს ვადის გასვლა ავტომატურად გამორიცხავს ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლებლობას. საკანონმდებლო ბაზის და საერთაშორისო სტანდარტის ანალიზი ცხყადყოფს, რომ ვადის გაგრძელების მოთხოვნის უფლება შესაძლოა წარმოეშვას დასაქმებულს, თუ დადასტურდება, რომ ხელშეკრულების გაუგრძელებლობა დისკრიმინაციული მოტივით იყო განპირობებული. მოპასუხის განმარტების თანახმად, 2015 წლის ნოემბერში მათ კომპანიაში განვადების ოფიცრის თანამდებობაზე 8 პირი დაინიშნა და მხოლოდ ა.ა.-ს, რომელიც იყო ორსულად, არ გაუგრძელდა ხელშეკრულება.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული არც ერთი არგუმენტი არ წარმოადგენს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელ ლეგიტიმურ მიზანს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ორსული ქალისთვის შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი წარმოადგენს პირდაპირ დისკრიმინაციას ორსულობის ნიშნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიმართავს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“, აღმოფხვრას ა.ა.-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება