სპეციალური ანგარიში – „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)“
ანგარიშში საუბარია სუფთა ჰაერზე უფლების მნიშვნელობაზე, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ეროვნული კანონმდებლობა, მისი ეფექტურობა და შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, გამოკვეთა ჰაერის დამაბინძურებელი ძირითადი მავნე ნივთიერებები და მათი წყაროები, შეაფასა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა და შედეგებზე რეაგირების მექანიზმი.
პრობლემურია, რომ ქვეყანაში არ ხდება ჰაერის დაბინძურების ზუსტი გავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რის უმთავრეს მიზეზადაც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემა სახელდება.
სპეციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ჰაერის დაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო სრულად არ ასახავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს; ამ დრომდე დანერგილი არ არის სამეწარმეო საქმიანობიდან მომდინარე ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციის ქმედითი ბერკეტები; ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ძირითადი წყაროები (მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა) არ ექცევა ქმედითი გარემოსდაცვითი რეგულაციების ქვეშ, ხოლო ჰაერის დაცვის სფეროში დადგენილი ცალკეული სანქციები ვერ უზრუნველყოფს რეგულაციების განგრძობითი უგულებელყოფის პრევენციას.