წინადადება სპეციალური პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე კერძო საწარმოში დასაქმებულ პატიმართა შრომით უფლებებზე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საკითხის შესწავლის შედეგად გამოარკვია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია რაიმე სახის საზედამხედველო მექანიზმი, რითაც დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ კერძო საწარმოებში დასაქმებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგს განახორციელებდა.
შესაბამისად, 2024 წლის 26 დეკემბერს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს პატიმართა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით განახორციელოს დამატებითი ღონისძიებები. კერძოდ:
- შეიმუშაოს მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ კერძო საწარმოებში დასაქმებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი უფლებების სათანადო დაცვას (მათ შორის უზრუნველყოფს სამუშაო დროის ზუსტ აღრიცხვას), რათა დასაქმებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის უფლების დარღვევის ფაქტის გამოვლენა დამოკიდებული არ იყოს მხოლოდ დასაქმებული პირის საჩივარზე.