სიახლეები

სახალხო დამცველმა აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

2019 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს მოეხსნათ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები. კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებიდან საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობაზე ბლანკეტურად ვრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც პატიმრებს დაწესებული აქვთ, ზოგადად ტელეფონით სარგებლობაზე ციხის პირობებში.

სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის მიზანია ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, მათ შორის, არასამუშაო საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების/ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევებზე, განსაკუთრებით, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე; ასევე ხელი შეუწყოს რეაგირების ეფექტური მექანიზმის დანერგვასა და ფუნქციონირებას; გაზარდოს ინფორმაციის მიწოდების და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე პროაქტიული რეაგირების ხარისხი. სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ფუნქციონირების სფერო, ძირითადად, მოიცავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ისეთ შემთხვევებს, როგორებიცაა: წამება და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე, ასევე, უფლებათა და თავისუფლებათა სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ თუ პატიმრებს მიეცემათ შესაძლებლობა, ციხის პირობებში მხოლოდ მინიმალურად აუცილებელი, ტექნიკური (ტელეფონების შეზღუდული რაოდენობა და ა.შ.) თუ სხვა, ადმინისტრაციული საჭიროებებით განპირობებული შეზღუდვებით ისარგებლონ ცხელი ხაზით, ეს საკმაოდ აამაღლებს, როგორც არასათანადო მოპყრობის პრევენციას, ისე უფრო მეტად ეფექტურს გახდის უკვე მომხდარ ამგვარ ფაქტებზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)