სიახლეები

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოვიდა

2019 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლო სხდომის პლენუმს სიტყვით მიმართეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით არგუმენტები წარადგინეს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების (კონსტიტუციის 25-1), სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს (კონსტიტუციის 31-1 პირველი წინადადება) და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს (კონსტიტუციის 31-1).

საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება ვენეციის კომისიისა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ეუთო/ოდირი) დასკვნებს, ასევე, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის (საქართველოს სახალხო დამცველი, ეუთო/ოდირი) შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმა 2019 წლის 1 ნოემბერს მიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)