კონსტიტუციური სარჩელი ფარული საგამოძიებო მოქმედებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის კონსტიტუციურობის საკითხზე
სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციური სარჩელით სადავოა ფარული საგამოძიებო მოქმედებების (ე.წ. ფარული მოსმენების გასაღების) მომწესრიგებელი, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 მარტს მიღებული კანონმდებლობის კონსტიტუციურობა.
საქართველოს სახალხო დამცველი, კერძოდ, მიიჩნევს, რომ მართალია მიღებული იქნა ახალი კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ და შეიქმნა ახალი ორგანოს სსიპ ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი კვლავ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალ ინსტიტუტს. სახალხო დამცველის აზრით, მისი ინსტიტუციური მოწყობის, დაკომპლექტების წესები, ისევე როგორც, აღნიშნული ორგანოს შინაარსობრივი ფუნქციები ცხადყოფს, რომ იგი წარმოადგენს პროფესიულად დაინტერესებულ უწყებას, რომელსაც კვლავ აქვს პირდაპირი და უკონტროლო წვდომის შესაძლებლობა სატელეფონო და ინტერნეტ–კომუნიკაციაზე, ისევე როგორც, კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე.
სააგენტოს პროფესიული დაინტერესების თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წელს გამოტანილი გადაწყვეტილების პირობებშიც, მაშინდელ ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს არ ჰქონდა საგამოძიებო ფუნქციები, თუმცა ვინაიდან იგი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი, რომელსაც თავის მხრივ, აქვს საგამოძიებო ფუნქციები, სწორედ ამიტომაც, სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ დეპარტამენტის ხელში არსებული შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობების ქონა, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში არალეგიტიმურად ჩარევისა და ამ უფლების დარღვევის საფრთხეს განუზომლად ზრდიდა.
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემთხვევაშიც, ინსტიტუციურად და ფაქტობრივად, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განუყოფელი ნაწილია, ვინაიდან, სააგენტოს უფროსის 3 კანდიდატურას არჩევს სუს-ის უფროსი და წარუდგენს კომისიას, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობს.
გარდა ამისა, სააგენტოს უფროსი ვალდებულია სუს-ის უფროსს შეუთანხმოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება, სააგენტოს მოსამსახურეების წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა, სააგენტოს შიდა სტრუქტურა, საშტატო ნუსხა და სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოები. სუს-ის უფროსი განსაზღვრავს სააგენტოს ძირითად სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას.
რაც შეეხება სააგენტოს საქმიანობის კონტროლს, აღსანიშნავია, რომ სუს-ი, ზემოხსენებული კომპეტენციების გარდა, წარმოდგენილია, როგორც აღნიშნული სამსახურის ერთ–ერთი მაკონტროლებელი ორგანო, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ სააგენტო რეალურად ამ სამსახურის განუყოფელი ნაწილია და არა დამოუკიდებელი ორგანო.
გარდა ამისა, სადავო კანონით გათვალისწინებული სხვა მაკონტროლებლებიც პარლამენტის, პრემიერ-მინისტრის, სასამართლოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახით, ვერ უზრუნველყოფენ რეალურ კონტროლს. მაგალითად, 2016 წელს გაუქმებული მოდელისგან განსხვავებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, აღარ აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა (თუმცა, ეს მოდელიც კი, საკონსტიტუციო სასამართლომ არაეფექტურად მიიჩნია), რაც რეალურად მისი, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციების გაურესებას წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თვლის, რომ 2017 წლის 22 მარტამდე არსებულ ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტსა და ახლადშექმნილ სააგენტოს შორის შინაარსობრივი სხვაობა არ არსებობს. სააგენტო არ არის ნეიტრალური და დამოუკიდებელი ორგანო, შესაბამისად, ვერ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტებს.