სიახლეები

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომა

2025 წლის 23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა შეხვედრა გამართა საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან, რომელზეც ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემები და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა წარმოადგინეს.

შეხვედრაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს კოორდინატორმა კობა ჩოფლიანმა.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მარიამ ორჟონიამ ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატი განიხილა, ასევე, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის წლიურ საპარლამენტო ანგარიშში შესული ძირითადი საკითხები და ანგარიშის მიღმა მდგარი გამოწვევების ადვოკატირების მიზნით აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.

შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევები განიხილეს და სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)