სიახლეები

სახალხო დამცველმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა

2023 წლის 17 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტს საქართველოს ხელისუფლების მიერ შშმ პირთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის აღსრულების თაობაზე ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. ალტერნატიული ანგარიში ეხმიანება კომიტეტში საქართველოს მიერ წარდგენილ პირველ პერიოდულ ანგარიშს და მიმოიხილავს კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით ხელისუფლების მიერ გატარებულ ზომებს.

ალტერნატიული ანგარიშის თანახმად, ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე გადასვლა, რომელიც გარდა სამედიცინო ჩვენებისა, ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე. პრაქტიკაში ხარვეზებით ხორციელდება სამართლებრივი ქმედუნარიანობის რეფორმა; პრობლემურია გონივრული მისადაგების ვალდებულებისა და მისაწვდომობის სტანდარტების (მათ შორის: ფიზიკური გარემოს, ინფორმაციის) შესრულება.

ალტერნატიულ ანგარიშში განხილულია შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა მართლმსაჯულების, დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სფეროებში, მათ შორის, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში, კულტურულ, სპორტულ, გასართობ და რეკრეაციულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობის საკითხი. არასაკმარისად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა შშმ პირების შესახებ არსებული სტერეოტიპების და სტიგმის დასაძლევად, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ნაკლებობა.

ალტერნატიული ანგარიში ეხმიანება ისეთი განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების წინაშე არსებულ გამოწვევებს როგორიცაა: შშმ ქალები, შშმ ბავშვები (მათ შორის, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შშმ ბავშვები), პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი შშმ პირები, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირები, და შშმ პირთა დიდი ზომის ინსტიტუციების ბენეფიციარები.

გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტი საქართველოს მიერ წარდგენილ ანგარიშს განიხილავს 28-ე სესიაზე, რომელიც 2023 წლის 6-24 მარტს გაიმართება. ანგარიშის განხილვის შემდეგ კომიტეტი დასკვნით მოსაზრებას მიიღებს, რომელშიც საქართველოში კონვენციის იმპლემენტაციის მდგომარეობა შეფასდება და კომიტეტის რეკომენდაციები გაიცემა.

სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიში გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტს (ინგლისურ ენაზე):

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)