სიახლეები

სახალხო დამცველმა გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტს 74-ე წინასასესიო სამუშაო შეხვედრისათვის. სახალხო დამცველის დოკუმენტი ეხმიანება საქართველოს მე-3 პერიოდულ ანგარიშს და აფასებს ქვეყანაში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას. სახალხო დამცველის ანგარიშში მიმოხილულია დევნილთა განსახლების პრობლემა, შრომის კანონმდებლობის ხარვეზები და შშმ პირთა დასაქმება, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა (ადრეული ქორწინება, ბავშვებზე მორგებული მართლმსაჯულება, ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე არასრულწლოვანებისა და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა), მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ნაკლოვანებები, სიღარიბე და ბავშვთა განცალკევება ბიოლოგიური ოჯახებისგან, უფასო სასადილოების პროგრამის განხორციელება, „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის გამოწვევები, საცხოვრისის უფლების მხრივ სახელმწიფოს პოლიტიკა და კანონმდებლობა, სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მდგომარეობა („ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონსა და პოლიტიკის დოკუმენტებთან დაკავშირებული ხარვეზები და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები), განათლება (მოსწავლის სტატუსის შეწყვეტა და შეჩერება, ინკლუზიური განათლება შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის, ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება). გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის წინა-სასესიო სამუშაო შეხვედრაზე მიიღება საკითხთა ნუსხა, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს პასუხები. სახალხო დამცველმა გაეროს კომიტეტის წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფს შესთავაზა იმ საკითხთა ჩამონათვალიც, რომლებიც, სახალხო დამცველის პოზიციით, რეკომენდებულია აისახოს საკითხთა ნუსხაში და სახელმწიფოს ანგარიშის განხილვის პროცესში გახდეს კომიტეტის მსჯელობის საგანი. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოსთან დაკავშირებით საკითხთა ნუსხას მიმდინარე წლის 4-დან 8 მარტამდე პერიოდში დაგეგმილ დახურულ სესიაზე მიიღებს და საქართველოს მთავრობას კონკრეტულ დროს განუსაზღვრავს მათზე პასუხების წერილობით წარსადგენად. აღნიშნულის შემდეგ, კომიტეტის მომავალ სესიაზე გაიმართება საქართველოს სახელმწიფოს ანგარიშის განხილვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)