სიახლეები

სახალხო დამცველმა ევროპის სოციალური ქარტიის ფარგლებში მომზადებულ სახელმწიფო ანგარიშზე კომენტარები წარადგინა

2021 წლის 28 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის წინაშე პირველად წარადგინა კომენტარები საქართველოს მთავრობის ეროვნულ ანგარიშზე.

ევროპის სოციალური ქარტიის შესრულების შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიში მოიცავს ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ინფორმაციას. კერძოდ, ანგარიშში მიმოხილულია:

  • უფლება უსაფრთხო და ჯანმრთელ სამუშაო პირობებზე
  • ჯანმრთელობის დაცვის უფლება
  • სოციალური უზრუნველყოფის უფლება
  • სოციალური და სამედიცინო დახმარების უფლება
  • სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება

კომენტარებში, ქარტიით გათვალისწინებული უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებისას, სახალხო დამცველმა შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ფსიქიკური ჯანდაცვის ნაკლოვანებები მიმოიხილა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ლგბტ+ პირთა და ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე, მოწყვლადი ჯგუფებისთვის - ბავშვთა, ხანდაზმულთა, შშმ პირთა და უსახლკაროთათვის არსებული სოციალური დაცვის სერვისების ხარვეზებზე და ა.შ.

ევროპის სოციალური ქარტია წარმოადგენს ევროსაბჭოს ხელშეკრულებას, რომლითაც გარანტირებულია ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ქარტიით  გათვალისწინებული უფლებები თითოეულ ადამიანს, მის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება და დაკავშირებულია დასაქმებასთან, საცხოვრებელთან, ჯანმრთელობასთან, განათლებასთან, სოციალურ დაცვასთან და კეთილდღეობასთან.

ევროპის სოციალური ქარტიის შესრულების შესახებ ანგარიშგების პროცედურის თანახმად, წევრი სახელმწიფოები ყოველწლიურად წარუდგენენ ანგარიშს სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტს სახელმწიფოს საქმიანობის შესახებ. ქარტია დაყოფილია ოთხ თემატურ ნაწილად და ყოველი საანგარიშო წელი მოიცავს კონკრეტული მიმართულების უფლებებს. წელს სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი ჯანდაცვის, სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის საკითხებზე სახელმწიფოების მიერ სოციალური ქარტიის დებულებების შესრულების თაობაზე წარდგენილ ეროვნულ ანგარიშებს შეისწავლის და გამოსცემს დასკვნებს, სადაც სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების შესრულებას შეაფასებს.

იხილეთ კომენტარების სრული ელექტრონული ვერსია (ინგლისურ ენაზე)

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)