სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა ორჰუსის კონვენციის შესრულების ალტერნატიული ანგარიში წარადგინა

2021 წლის 31 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის წინაშე პირველად წარადგინა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის, ე.წ. ორჰუსის კონვენციის ალტერნატიული ანგარიში.

ანგარიშში კონვენციის შესრულების თვალსაზრისით 2017-2020 საანგარიშო წლებში არსებული გამოწვევებია წარმოდგენილი. კერძოდ, ორჰუსის კონვენციის შესრულების შეფასებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებია მიმოხილული, როგორიცაა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვება-გავრცელება, ენერგეტიკული სფეროს დაგეგმვისა და განვითარების კუთხით, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები, გარემოსდაცვის საკითხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და სხვა გამოწვევები.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთ პირველი სახელმწიფოა კონვენციის მხარე 47 სახელმწიფოს შორის, რომელმაც ორჰუსის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა (2000წ). შესაბამისად, სახელმწიფომ კონვენციით აღიარებული სამი პრინციპის (გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის) და სტანდარტების დანერგვისათვის სათანადო ღონისძიებების გატარების ვალდებულება იკისრა. საქართველო, როგორც კონვენციის წევრი მხარე, ვალდებულია კონვენციის შესრულების თაობაზე ანგარიშგებით წარსდგეს ყოველ სამ წელიწადში გაეროს ევროპის კომისიის წინაშე.

2020 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ორჰუსის კონვენციის შესრულების მე-6 ეროვნული ანგარიში (2017-2020), რომლის პროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატსაც მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ანგარიშს ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრაზე 2021 წლის ოქტომბერში განიხილავენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)