სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა გარემოსა და ადამიანის უფლებების საკითხზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გარემოსა და ადამიანის უფლებების საკითხზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი დევიდ ბოიდი საქართველოში მოიწვია. მოწვევაში სახალხო დამცველი სპეციალურ მომხსენებელს სთხოვს გაეცნოს და შეაფასოს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ზეგავლენა გარემოსდაცვით, ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებსა და ადამიანის უფლებებზე.

წერილში აღნიშნულია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა და რეგულაციების ხარვეზები, რაც პრაქტიკაში საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უფლებას, იცხოვრონ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თანმდევი უარყოფითი შედეგია ეკოსისტემაში უხეში ჩარევა და გარემოზე უარყოფითი გავლენა. სახალხო დამცველის აპარატი ბოლო წლებში აქტიურ ზედამხედველობას უწევს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებს, როგორც ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სფეროს.

სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები ქვეყანაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო მექანიზმია, რომლის ფარგლებში მომხსენებელი სწავლობს ქვეყანაში მოქმედ ინსტიტუციურ, სამართლებრივ, სასამართლო თუ ადმინისტრაციულ რეგულაციებს და აფასებს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას; ვიზიტის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტი და მის მიერ მომზადებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანში ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე ცხარე დისკუსიების გადაწყვეტისათვის და დაეხმარება სახელმწიფოს უზრუნველყოს ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობის, გარემოს დაცვის ლეგიტიმური საჯარო ინტერესების, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაცია.

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)