სიახლეები

2020 წლის 3 აგვისტოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე მორიგი კომუნიკაცია წარადგინა

2020 წლის 3 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია[1] წარუდგინა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება.

კომუნიკაცია ეხება იდენტობის ჯგუფის საქმეების (იდენტობა საქართველოს წინააღმდეგ, ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და გლდანის კონგრეგაციის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) აღსრულების მდგომარეობასა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტური გამოძიების კუთხით ქართულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოვლენილ სისტემურ/სტრუქტურულ ხარვეზებს.

დოკუმენტში ასევე მოცემულია სახალხო დამცველის ის რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ მინისტრთა კომიტეტის წინაშე ამ პრობლემების განხილვა ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ვითარების გამოსწორებასა და ხსენებულ გადაწყვეტილებათა ჯეროვნად აღსრულებას, როგორც ამას მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი.


[1] კომუნიკაცია წარდგენილ იქნა გადაწყვეტილებებისა და მორიგებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შესახებ მინისტრთა კომიტეტის წესების მე-9(2) მუხლის საფუძველზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება