სიახლეები

2020 წლის 29 იანვარს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე მორიგი კომუნიკაცია წარადგინა

2020 წლის 29 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა.[1]

კომუნიკაცია ეხება 2020 წლის 23 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის/იუსტიციის სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალების უკანონოდ გასაჯაროებისფაქტს.

აღნიშნული ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ივანე მერაბიშვილს.

კომუნიკაციაში სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა მინისტრთა კომიტეტს სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევისა და ზემოქმედების მცდელობის ფაქტის შესახებ და აღნიშნა, რომ იმ საკითხის გასაჯაროება თუ ვის ხვდება სახალხო დამცველი, ზრდის პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან/და უკანონო ქმედების განხორციელების რისკს და იწვევს მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას.

სახალხო დამცველმა კომიტეტს მოუწოდა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებისკენ. ომბუდსმენის ინსტიტუტზე ამ სახით ზემოქმედების მცდელობები ხელს შეუშლის მომავალში სახალხო დამცველის აპარატის მიერ კომიტეტისთვის გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, ვინაიდან მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა აიძულოს პატიმრები თავი შეიკავონ სამომავლოდ სახალხო დამცველისთვის მომართვისა და მასთან შეხვედრისგან.


[1]კომუნიკაცია მომზადდა გადაწყვეტილებებისა და მორიგებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შესახებ კომიტეტის წესების მე-9(2) მუხლის საფუძველზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)