სიახლეები

უკრაინის ომბუდსმენმა და საქართველოს სახალხო დამცველმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

2021 წლის 13 სექტემბერს უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა ლიუდმილა დენისოვამ და საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერით მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მექანიზმების გასაუმჯობესებლად, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები დაუყოვნებელ შეატყობინებენ ერთმანეთს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების შესახებ უკრაინის მოქალაქეებზე საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებზე უკრაინის ტერიტორიაზე; მიიღებენ და განიხილავენ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები მეორე ქვეყნის მოქალაქეთა განცხადებებს; გაცვლიან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მხარეთა საქმიანობის შესახებ ანალიტიკურ, საინფორმაციო და საცნობარო მასალებს, მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებს.

დოკუმენტში ხაზგასმულია წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის სფეროში თანამშრომლობა. აღნიშნულია, რომ უკრაინისა და საქართველოს ეროვნული პრევენციული მექანიზმები (NPM) განახორციელებენ ერთობლივ ვიზიტებს დაკავების ადგილებში და სხვა დახურულ დაწესებულებებში უკრაინასა და საქართველოში, გაცვლიან ინფორმაციას (მათ შორის, ჯანდაცვასა თუ სხვა პირობებზე) ერთი მხარის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც მეორე მხარის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იხდიან სასჯელს.

მემორანდუმი ასევე მოიცავს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ადამიანის უფლებების დაცვის ყველა სფეროში, შეხვედრების, კონსულტაციების, სასწავლო ვიზიტების, ერთობლივი სემინარებისა და ლექციების ჩატარებას თანამშრომელთა შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად; პუბლიკაციებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშების მიწოდებას.

აგრეთვე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მუშაობაში ერთობლივ ძალისხმევას, თანამშრომლობას და ურთიერთმხარდაჭერას. ერთობლივი წინადადებების, რეკომენდაციების შემუშავებას.

მხარეები იღებენ ვალდებულებას შექმნან და განავითარონ საკომუნიკაციო არხები, რათა დაეხმარონ ერთმანეთს თავიანთი ვალდებულებების მაქსიმალურად სრულად და ეფექტიანად შესრულებაში.

მემორანდუმი მოტივირებულია საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობებით, ზოგადად თანამშრომლობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების გამყარების სურვილით და ეფუძნება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და ორი ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)