შეხვედრა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორს კრისტოს ჯიაკომოპულოსს შეხვდა.
სახალხო დამცველმა მიმოიხილა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, გააცნო ომბუდსმენის აპარატის საქმიანობა და ის გამოწვევები, რომლებიც ბოლო დროს ინსტიტუტს შეექმნა. ისაუბრა პატიმრებთან შეხვედრის კონფიდენციალურობის დარღვევის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მხრიდან და აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს და გენერალურ პროკურატურას.
კრისტოს ჯიაკომოპულოსი საქართველოში სამართალდამცველთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მდგომარეობით და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის საქმიანობით დაინტერესდა. ასევე ისაუბრეს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხებზე და ქვეყანაში დისკრიმინაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.