სიახლეები

შეხვედრა ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

2021 წლის 26 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ჟულიენ კრამპს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. სახალხო დამცველმა პოლიტიკურ პარტიათა მიერ აპარატში შემოსული საჩივრები განიხილა, რომლებიც ძირითადად, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას, შევიწროვებას, სამსახურიდან გათავისუფლებას თუ სხვაგვარ მუქარას ეხება. სახალხო დამცველი აქტიურად იკვლევს სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, კომუნიკაცია აქვს პოლიტიკური პარტიების წევრ მოქალაქეებთან და საკითხის შესწავლის შემდგომ, მისი მანდატიდან გამომდინარე, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

ასევე ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და პანდემიიდან მომდინარე საფრთხეებზე; სახალხო დამცველმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს თავისი პოზიცია გააცნო და აღნიშნა, რომ მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების დასაცავად და გარდაცვალების მზარდი სტატისტიკის შესაჩერებლად, მართებულად მიაჩნია პოლიტიკური მსჯელობის დაწყება არჩევნების გადადების შესახებ.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ჟურნალისტებზე გახშირებული ძალადობის შემთხვევებს, განსაკუთრებით 5 ივლისის მოვლენებს და ამ მოვლენების ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ხარვეზებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)