სიახლეები

შეხვედრა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო საკითხებზე

2024 წლის 23 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეუთო/ოდირის საარჩევნო დეპარტამენტის უფროსს მეგან ფიცჯერალდს, დეპარტამენტის მრჩეველს და ადგილობრივ კოორდინატორს ქსენია დაშუცინას, ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების უფროს მრჩეველს ვლადიმერ მისევს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელს ტიმ კნობლაუს შეხვდა.

შეხვედრაზე 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და საარჩევნო გარემოს შეფასების საჭიროებაზე ისაუბრეს. სახალხო დამცველმა სტუმრებს აპარატის მანდატიდან გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდსა და უშუალოდ არჩევნების დღეს მუშაობის პრაქტიკა გააცნო; ხაზი გაუსვა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, რათა არცერთი უფლებადარღვევის ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე.

განიხილეს ასევე, საკანონმდებლო ჩარჩო და ელექტრონული ტექნოლოგია, რომლითაც საქართველოში არჩევნები პირველად ტარდება.

სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირს წლების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის, ასევე, იმ მოსაზრებებისა და დასკვნებისთვის, რომლებსაც ორგანიზაცია სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ამზადებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)