შეხვედრა ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებთან
2021 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს - უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს მარკ ფუმაგალს, პროექტების ოფიცერს ედინ ელგსაეტერს და ეროვნული პროგრამის კოორდინატორს ნინო გოგოლაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მდგომარეობა, მათ შორის, საუბარი შეეხო განათლების უფლების მისაწვდომობასა და განხორციელების საკითხებს, ინფორმაციაზე მისაწვდომობას, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების დაბალ მონაწილეობას და აქტიურობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ასევე, სახალხო დამცველმა ისაუბრა სიძულვილის ენის გავრცელებასა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზებზე; ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების აუცილებლობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო საქმიანობა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.