შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელის პასუხი სახალხო დამცველის წერილზე
2022 წლის 29 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელისგან ფრედერიკ ბერნარდისგან საპასუხო წერილი მიიღო, სადაც საუბარია ევროპული საბჭოს მზადყოფნაზე - მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები. ასევე, აღნიშნა, რომ ევროპის საბჭომ ნათლად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიაჩნია, რომ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროპაშია.
2022 წლის 22 ივნისს შარლ მიშელსადმი გაგზავნილ წერილში საქართველოს სახალხო დამცველმა თხოვნით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ, მისი ბრძოლა და ძალისხმევა ამ პროცესში და მიანიჭონ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება და ხელიდან არ გავუშვათ ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა.
ასევე, წერილში ფრედერიკ ბერნარდი პატივისცემას გამოხატავს საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ, ხაზს უსვამს სახალხო დამცველის აპარატის როლსა და მნიშვნელობას ქვეყანაში კანონის უზენასობის რეფორმების განხორციელების საქმეში და მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის.
აღნიშნული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან კარგად წარმოაჩენს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვან შესრულებას.
იხილეთ წერილის ქართული თარგმანი
მადლობას მოგახსენებთ 22 ივნისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი გაგზავნილი წერილისთვის, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შეეხებოდა.
24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო საბჭოს დასკვნები, რითიც გამოხატა მზადყოფნა საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი როგორც კი მოხდება კომისიის მიერ საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით გაცემულ დასკვნაში ჩამოთვლილი პრიორიტეტების შესრულება. ნება მიბოძეთ განვმარტო, რომ ევროპის საბჭომ ერთმნიშვნელოვნად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროპაშია.
ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისა. ამ მხრივ, პროგრესი პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების მიმართულებით პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით უმნიშვნელოვანესი იქნება. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ თქვენი აპარატის მნიშვნელოვან როლს ამ საქმეში და ვაფასებ თქვენს ფასდაუდებელ საქმიანობას.
ფრედერიკ ბერნარდი
ევროპული საბჭოს კაბინეტის ხელმძღვანელი