სიახლეები

სახალხო დამცველის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

23-27 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილეებმა ოცზე მეტი შეხვედრა გამართეს ვაშინგტონსა და ნიუ–იორკში აშშ სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. სახალხო დამცველმა მათ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ. ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით ქვეყანაში პოზიტიურ ტენდენციებსა და არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესმა, კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობამ და მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობამ საქართველოში. შეხვედრებზე ხაზი გაუსვეს ასევე, შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობასა და საქართველოში შრომის უფლებების ეფექტურ რეალიზაციას.

„ამერიკის შეერთებული შტატებში დაინტერესებული არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით და კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით, რის შესახებაც ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, – განაცხადა შეხვედრების შემდეგ უჩა ნანუაშვილმა.

23 თებერვალს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ვაშინგტონში შეხვდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორს, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორს, სოლიდარობის ცენტრის რეგიონული პროგრამების დირექტორს და კარნეგის მშვიდობის ფონდის წარმომადგენელს

„საქართველოში შრომის ინსპექციის გაუქმება არ შეესაბამება საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუციის აღდგენა, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში შრომის უფლებების იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა. ამ პროცესში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახალხო დამცველის ჩართულობა“, – განაცხადა სოლიდარობის ცენტრის ევროპისა და შუა აზიის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა რუდი პორტერმა.

24 თებერვალს სახალხო დამცველი და დელეგაციის წევრები შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს. სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ომბუდსმენთან გამართულ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებმა.

ასევე, გაიმართა შეხვედრები ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), „Freedom House–ის“, ევრაზიის ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან.

25 თებერვალს სახალხო დამცველი შეხვდა ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის (NED) პრეზიდენტის მოადგილეს სტრატეგიისა და პოლიტიკის საკითხებში და ევრაზიის რეგიონის დირექტორს. ასევე ფართო შეხვედრა გაიმართა ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის (USIP) წარმომადგენლებთან

შეხვედრებით დატვირთული იყო სახალხო დამცველისა და მისი მოადგილეების ვიზიტი ნიუ–იორკში. 26 თებერვალს სახალხო დამცველი ნიუ–იორკში შეხვდა პოლიტიკური განვითარებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტს ლინკოლნ მიტჩელს, რომელიც ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით საქართველოში მოვლენების განვითარებას დიდი ინტერესით ადევნებს თვალს.

„საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით კვლავ რჩება გამოწვევები. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უმცირესობების უფლებების დაცვაზე. სიძულვილის მოტივით ჩადენილი ყველა დანაშაული უნდა იქნეს გამოძიებული. ასევე მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების რეფორმა, რათა სამართალდამცავთა მიმართ გაიზარდოს მოსახლეობის ნდობა. ამის მიღწევის ერთ–ერთი გზა სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმის შექმნაა, - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.

იმავე დღეს სახალხო დამცველი შეხვდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს კოალიციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (UN OHCHR) მოადგილესა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“-ის დირექტორის მოადგილეს. ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Woman) წარმომადგენლებს.

27 თებერვალს შეხვედრები გაიმართა გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრის დირექტორთან და ფონდ ღია საზოგადოების პროგრამის კოორდინატორთან.

„შეხვედრებმა ნათლად დაადასტურა რამდენად დიდი მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების თანასწორობის პრინციპებისა და სამოქალაქო ღირებულებებისადმი ერთგულებას; ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს.


იხილეთ ფოტო გალერეა - flickr-ზე

სახალხო დამცველის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში 23-27.02.15 Official visit of Public Defender to USA

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)