სიახლეები

სახალხო დამცველმა სტრასბურგში ოფიციალური შეხვედრები გამართა

2024 წლის 26-29 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო'ფლაერთისთან, ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდენტთან ვერონიკა ბილკოვასთან, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანთან მეთიუ მორისთან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან სიოფრა ო'ლირსა და საქართველოს არჩეულ მოსამართლეს ლადო ჭანტურიასთან.

სახალხო დამცველმა სტრასბურგში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა და სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული შედეგები და გამოწვევები გააცნო. ისაუბრა კონფლიქტურ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან მდებარე მოსახლეობის პრობლემებზე, მათ შორის სიცოცხლის უფლების ხელყოფის ჯერ კიდევ დაუსჯელ ფაქტებზე, სოციალურ საკითხებზე, თვითმმართველობათა გაძლიერების აუცილებლობაზე, უმცირესობათა მდგომარეობაზე, მედიისა და უფლებადამცველთა სამუშაო გარემოზე, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა, და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხებზე.

განხილულ თემათა შორის იყო სახალხო დამცველის მიერ მომზადებული სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები და ევროსაბჭოში გაგზავნილი ალტერნატიული ანგარიშები, სამართლიანი სასამართლო დანერგვის შესაძლებლობები, საკანონმდებლო ცვლილებები და სახალხო დამცველის აპარატის მანდატიდან გამომდინარე განხორციელებული საქმიანობა.

შეხვედრებზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ადამიანის უფლებებზე დამყარებული ღირებულებების დამკვიდრების მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მუშაობის მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში ასევე სამუშაო ვიზიტით მყოფ უკრაინის ომბუდსმენს დმიტრო ლუბინეცს შეხვდა და ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების მდგომარეობას და მათი რეაბილიტაციისთვის მიმდინარე პროცესებს გაეცნო.

სამუშაო შეხვედრები გამართა პროგრამის კოორდინაციის დირექტორთან კლაუს ნოიკირჩთან, სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის (ECSR) სოციალური უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან იან მალინოვსკისთან და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლებთან მარგარიტა გალსტიანთან და ტანია მონტანარისთან. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტისა (CPT) და ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების დანერგვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)