სიახლეები

სახალხო დამცველის შეხვედრები ევროკავშირის სტრუქტურებისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის წარმომადგენლებთან

2022 წლის 11-14 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბელგიის სამეფოს დედაქალაქში, ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრები გამართა ევროკავშირის სტრუქტურებისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე, ასოცირების დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. სახალხო დამცველი, როგორც კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა ევალება, დაინტერესებულია გაეცნოს იმ მოლოდინებს, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსგან და მოწადინებულია თავისი მნიშვნელოვანი საქმიანი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

ბრუსელში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაუსვეს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ ნდობას და კიდევ ერთხელ გამოხატეს თავისი მხარდაჭერა ამ დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს მიმართ.

სახალხო დამცველი შეხვედრების შედეგებსა და მიღებულ ინფორმაციას დეტალურად გააცნობს ქართველ საზოგადოებას.

სახალხო დამცველი შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა პირიზს, ევროპარლამენტის წევრებს ნაჩო სანჩეს ამორსა და საქართველოს საკითხებში მომხსენებელს სვენ მიქსერს, ასევე, ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტის კაბინეტის წევრს სილვია კონისკას და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის (HR/VP) კაბინეტის წევრს ბაიბა ალექსეჯუკა-ტავარესას.

შეხვედრები გაიმართა ასევე, ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურის (EEAS) მმართველ დირექტორთან მაიკლ ზიბერტთან და საქართველოს საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან; ევროპის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში (DG NEAR) საქართველო და მოლდოვას ეკონომიკურ საინვესტიციო გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის (COEST) თავმჯდომარის მოადგილესთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)