სიახლეები

სახალხო დამცველის შეხვედრა გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩებთან

2024 წლის 6 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეთ უორდს, საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრის და გერმანიის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა და ელჩებს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო. ისაუბრა პოლიციის მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, აქციებზე დაკავებულთა და დაზიანებულთა მდგომარეობაზე, რომელთაც სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მუდმივად ნახულობენ დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში. ასევე, აღნიშნა, რომ აპარატი ზედმიწევნით მიადევნებს თვალს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობას.

აპარატი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ცხელ ხაზზე შემოსულ ინფორმაციაზე მყისიერ რეაგირებას ახდენს.

სახალხო დამცველი პროაქტიულად განაგრძობს საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების ინფორმირებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)