სიახლეები

სახალხო დამცველის შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩთან და მას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სახალხო დამცველმა კომისარს გააცნო იუსტიციის მინისტრისა და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროვების შემთხვევების თაობაზე, რაც ომბუდსმენის შეფასებით, როგორც პერსონალური მონაცემების უკანონო გასაჯაროების ფაქტს, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა კომისარს პროცესზე დაკვირვება და სახალხო დამცველის, როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერა სთხოვა.

ევროპის ადამიანის უფლებათა კომისართან ასევე განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს და კომისარს ამ საკითხებთან დაკავშირებით გააქტიურება სთხოვა.

საუბარი ასევე შეეხო, სასამართლოს დამოუკიდებლობის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, არასამთავრობო სექტორზე და ადამიანის უფლება დამცველებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს.

შეხვედრას სახალხო დამცველი მოდგილეებთან თამარ გვარამაძესთან, გიორგი ბურჯანაძესთან და ეკატერინე სხილაძესათან ერთად დაესწრო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)