სიახლეები

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ ორგანიზებულ კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 30-31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ამსტერდამში (ნიდერლანდების სამეფოში) ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა.

კონსულტაციები ეხებოდა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, ასევე თანასწორობის მექანიზმებისა თუ ომბუდსმენის ინსტიტუტების მანდატის გაძლიერების საჭიროებას, რათა მათ შეძლონ მათ შორის, საჯარო მმართველობის სფეროში, ავტომატიზებული, ალგორითმების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილებების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება. ასევე, შეძლონ უფლებათა დარღვევის ცალკეული საქმეების შესწავლა და დარღვევებზე ეფექტური რეაგირების განხორციელება.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების და თანმდევი გამოწვევების და ადამიანის უფლებებით დაცულ სფეროში ჩარევის რეალური რისკების გათვალისწინებით, განხილვების დროს კონფერენციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე, და ასევე, დისკრიმინაციის თავიდან აცილების აუცილებლობაზე.

თამარ გვარამაძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ტექნოლოგიების, ალგორითმებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საჯარო დაწესებულებების მიერ გადაწვეტილებათა მიღების პროცესში არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის აპარატის შეფასებები გაუზიარა.

კონსულტაციების მეორე დღე დაეთმო ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წინაშე მდგარი სხვადასხვა გამოწვევების განხილვას, მათ შორის, დამოუკიდებლობის და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

კონფერენციაში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული, თანასწორობის ინსტიტუტების და ომბუდსმენების ოფისებიდან 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)