სიახლეები

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ დაბერების შესახებ გაეროს წევრ სახელმწიფოთა შორის ღია სამუშაო ჯგუფის სესიაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 3-6 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ნიუ-იორკში (აშშ) დაბერების შესახებ გაეროს წევრ სახელმწიფოთა შორის ღია სამუშაო ჯგუფის მე-13 სესიაში მიიღო მონაწილეობა.

4 აპრილს სესიის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე თამარ გვარამაძე ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზაციის და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის პრობლემებთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა. სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ჯანმრთელობის უფლების მნიშვნელობასა და მის რეალიზაციასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, ხაზი გაუსვა თანასწორობის პრინციპის დაცვით უფლებით შეუფერხებელი სარგებლობის მნიშვნელობას; ასევე, ახალი საერთაშორისო მექანიზმის დამტკიცების აუცილებლობას, რაც ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ეფექტურ ნორმატიულ ჩარჩოს შექმნის. უპასუხა კითხვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზაცია სხვა უფლებების ეფექტურად დასაცავად, მათ შორის სიცოცხლის უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის.

5 აპრილს გამართული დისკუსიის ფარგლებში თამარ გვარამაძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ხანდაზმულებს საქართველოში სოციალური იზოლაციის და მარტოობის შედეგად ექმნებათ, განსაკუთრებით კი პანდემიის მართვის მიზნებისათვის დადგენილი შეზღუდვების ხანდაზმულთა მიმართ ნეგატიური გავლენას ხაზი გაუსვა.

3 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულმა ნინო შალამბერიძემ სესიის მონაწილეებს ადამიანის უფლებათა ევროპული ინსტიტუტების ერთობლივიგანცხადება გააცნო, რომელშიც ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ ახალი კონვენციის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ მიზნით სესიათა შორის სამუშაო ჯგუფის შექმნის რეკომენდაცია წარმოადგინა.

ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ხანდაზმულთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას სახალხო დამცველი ყოველწლიურად ეხმიანება საპარლამენტო ანგარიშით, ასევე პერიოდულად ატარებს ხანდაზმულთა დაწესებულებების მონიტორინგს და შედეგებს სპეციალურ ანგარიშებში ასახავს. ამავე დროს, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში; ასევე არის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის და ევროპული ქსელის ხანდაზმულთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფების აქტიური წევრი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)