სიახლეები

სახალხო დამცველის ოფიციალური შეხვედრები სტრასბურგში

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტს მიკოლა გნატოვსკის, ამავე კომიტეტის აღმასრულებელ მდივანს რეგის ბრილლატს და სექციის ხელმძღვანელს ბორის ვოდზს შეხვდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველმა სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ციხეებში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ოთხი ციხის მონიტორინგის ანგარიშზე ისაუბრა. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში გამოვლენილი დარღვევები შეესაბამება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2019 წლის ანგარიშში ასახულ პრობლემებს.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა ანგარიშის შემდგომ შექმნილ გამოწვევებს, რა დროსაც იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე უწყებამ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის კონფიდენციალურობა და გაასაჯაროვა ინფორმაცია, როგორც ციხეში ვიზიტის შესახებ, ასევე, თავად პატიმრების სახელები და გვარები. აღნიშნულ ფაქტთან დაკვშირებით, სახალხო დამცველმა უკვე მიმართა გენერალურ პროკურატურას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად დააკვირდება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

სახალხო დამცველმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტისა და წამების პრევენციის კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობა საქართველოში, რაც ხელს უწყობს პენიტენციური სისტემის დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)