სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში

2024 წლის 3-4 სექტემბერს სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური და სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ მადრიდში (ესპანეთის სამეფო).

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გაეცნენ ესპანეთის ომბუდსმენის ინსტიტუტის მუშაობის საუკეთესო გამოცდილებას, სასწავლო შეხვედრები გამართეს ესპანეთის პენიტენციური და საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი თემები იყო ომბუდსმენის ინსტიტუტის როლი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, საპოლიციო და პენიტენციურ სისტემებზე ზედამხედველობა ადამიანის უფლებების ეფექტიანი რეალიზების მიზნით.

დელეგაციის წევრებს ვიზიტი ჰქონდათ პენიტენციურ დაწესებულებაშიც, გაეცნენ დაწესებულების ინფრასტრუქტურას, საპატიმრო რეჟიმს, დაწესებულებაში არსებულ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებს, პატიმრებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და პირობებს. აპარატის წარმომადგენლებმა ესპანეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა საქართველოს მოქალაქე მოინახულეს.

შეხვედრებისა და ვიზიტის მიზანი იყო იმ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების იდენტიფიცირება, რის გაზიარებაც დაეხმარება საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებებზე უკეთ მორგებული საჯარო სერვისი მიაწოდოს მოქალაქეებს, მათ შორის, პენიტენციურ სისტემაში.

სასწავლო ვიზიტი განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის არსებული საგრანტო შეთანხმების USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)