სახალხო დამცველი ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს
საქართველოს სახალხო დამცველი ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. არჩევნები 18 ნოემბერს დასრულდა და მის შედეგად დაკომპლექტდა ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭო. ხმის მიცემა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით და მასში მონაწილეობა მიიღო IOI-ის ევროპული რეგიონის ომბუდსმენის 60-მდე ინსტიტუტმა.
IOI-ის ევროპული რეგიონის წესების თანახმად, საბჭოს შემადგენლობაში შედის 7 წევრი, რომლებიც აირჩევა 4 წლის ვადით და მათი ფუნქციაა IOI-ს ევროპის რეგიონის სამოქმედო სტრატეგიის, მიზნების დასახვა და საქმიანობის წარმართვა. საქართველოს სახალხო დამცველი, ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭოს უფლებამოსილებას შეასრულებს საბერძნეთის, შვედეთის (საპარლამენტო ომბუდსმენი), დიდი ბრიტანეთის (საპარლამენტო და ჯანდაცვის ომბუდსმენი), ირლანდიის, პორტუგალიისა და ბელგიის (ვალონიისა და ვალონია-ბრიუსელის ფედერაციის ომბუდსმენი) ომბუდსმენებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტი დაარსდა 1978 წელს და ის წარმოადგენს ერთადერთ გლობალურ ორგანიზაციას, რომელიც 200-მდე დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტს აერთიანებს 100-ზე მეტი სახელმწიფოდან. IOI იყოფა 6 რეგიონად, კერძოდ: აფრიკა, აზია, ავსტრალია და ოკეანეთი, ევროპა, ლათინური ამერიკა და კარიბის აუზი, ჩრდილოეთ ამერიკა. IOI-ის მიზანია დაეხმაროს ომბუდსმენთა ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ ინსტიტუტებს თანამშრომლობაში. როგორც წესი, ეს ორგანიზაციები განიხილავენ მოქალაქეთა საჩივრებს მათი ქვეყნების საჯარო ადმინისტრაციის შესახებ და იცავენ მოქალაქეებს უფლებების დარღვევებისგან. IOI აქცენტს აკეთებს კარგ მმართველობასა და ომბუდსმენთა შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა, IOI წევრებს მხარდაჭერას უწევს სხვადასხვა კონფერენციის, სწავლებისა და სემინარის ორგანიზების მეშვეობით, ეფექტური საჯარო მმართველობის ჩამოყალიბებაში და ხელს უწყობს წევრ ქვეყნებში დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განმტკიცებას.
ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭოს წევრობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო დონეზე წარმომადგენლობის, შესაძლებლობათა შემდგომ გაძლიერებას და საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე საუკეთესო გამოცდილების დანერგვას ადამიანის უფლებათა ეფექტური დაცვის მიმართულებით.