სიახლეები

სახალხო დამცველი ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა

2019 წლის 4 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში და სიტყვით გამოვიდა ბრიუსელში, ევროპარლამენტში აგვისტოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: „მე გადავცურე ენგური: საქართველოს რეგიონების რუსული ოკუპაცია და მსხვერპლნი“.

თავისი მოხსენების ფარგლებში, სახალხო დამცველმა განიხილა ომიდან მე-11 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული კრიტიკული ვითარება. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაადგილების თავისუფლების, დოკუმენტაციის, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემებზე. ისაუბრა კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახალხო დამცველის როლსა და საქმიანობაზე და არსებული პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზებზე.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების ანალიზისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის განიხილვაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ, დოკუმენტური ფილმის „მე გადავცურე ენგურის“ რეჟისორმა ანუნა ბუკიამ.

ღონისძიებას მასპინძლობა გაუწია პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ევროპის კონსერვატორ რეფორმისტთა პოლიტიკური ჯგუფის საბჭოს ვიცე-პრეზიდეტმა ანა ფოტიგამ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის აპარატის უფროსი, მანამდე კი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.


ფოტო მასალის წყარო

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)