საქართველოს სახალხო დამცვლის მოვალეობის შემსრულებელმა საერთაშორისო კონფერენციაზე ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრა
2023 წლის 11-12 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცვლის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გვარამაძემ თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - „ადამიანის უფლებების მომავალი 21-ე საუკუნეში“ მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული სხვადასხვა გამოწვევა განიხილეს და მათ გადასაჭრელად ომბუდსმენის ინსტიტუტების როლზე ისაუბრეს. კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს ადამიანის უფლებებზე ომის, კონფლიქტის, მიგრაციისა და პანდემიის კონტექსტში, ასევე განიხილეს დიგიტალიზაციის გავლენა ადამიანის უფლებებზე.
ღონისძიებაზე მოხსენებით გამოსვლისას თამარ გვარამაძემ პანდემიის პერიოდში ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხები განიხილა და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გამოცდილება გაუზიარა. აღნიშნა, რომ ფართო მანდატი საქართველოს სახალხო დამცველს ხანდაზმულთა უფლებების სხვადასხვა პერსპექტივიდან დაცვისა და ხელშეწყობის უფლებამოსილებას აძლევს.
თამარ გვარამაძემ ისაუბრა იმ მზარდ ბარიერებზე, რაც საფრთხეს უქმნის ხანდაზმულთა ღირსებასა და უსაფრთხოებას; კიდევ უფრო მეტად აყენებს მათ სიღარიბის, დისკრიმინაციისა და სოციალური იზოლაციის საფრთხის წინაშე. ხაზგასასმელია, რომ პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა ხანდაზმულთა სოციალური გარიყულობა და თვალნათლივ წარმოაჩინა ციფრულ ტექნოლოგიებზე მათი წვდომის პრობლემები.
კონფერენციის მონაწილეები ასევე გაეცნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციებს ხანდაზმულთა უფლებების დაცვის კუთხით.
საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თავისი გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაუხადა თურქეთის ომბუდსმენს მიმდინარე კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და გულითადი მასპინძლობისთვის.
კონფერენცია თურქეთის ომბუდსმენის ოფისის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა და ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური დახმარება ომბუდსმენის როლის გაძლიერებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით“ მხარდაჭერით ჩატარდა.