სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა ვაშინგტონში ოფიციალური შეხვედრები გამართა

2022 წლის 11-13 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ვაშინგტონში, სადაც შეხვედრები გამართა აშშ-ს სენატის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

სახალხო დამცველის განცხადებით, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მთავარი გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად იდგება საქართველოს გვერდით, მანამ, სანამ ქართველ ხალხს ექნება სურვილი მიიღოს დახმარება დემოკრატიული განვითარების პროცესში.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს ქართული საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ; ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გასატარებელი დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა. ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში საქართველოში ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული პროპაგანდისა და რიტორიკის გაძლიერებას, არასამთავრობო სექტორისა და აშშ-ს ელჩის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმებს. „საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან გაძლიერდნენ ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტი ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალები. ამის საპირწონედ დემოკრატიულ აქტორებს მეტი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა შეხვედრების შემდეგ.

შეხვედრებზე სახალხო დამცველმა ისაუბრა მართლმსაჯულების საკითხებზე, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სისტემურ ხარვეზებზე; ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების საქმიანობისათვის მტრული და გარკვეულ შემთხვევებში ძალადობრივი გარემოს არსებობაზე.

ასევე, სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ბოლო დროს საქართველოს მოქალაქეთა აშშ-ში მასიურად და არალეგალურად ემიგრირების საკითხზე, მათ დაკავებებზე საზღვრის კვეთისას და გავრცელებულ ინფორმაციებზე დაკავების ადგილებში არსებულ არასათანადო პირობებზე. სახალხო დამცველი და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ საქართველოდან ემიგრირებული პირების უფლებების დასაცავად.

ნინო ლომჯარიამ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატის მისამართით გაწეული უდიდესი დახმარებისთვის და სთხოვა გააგრძელონ ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და აქტორების მიმართ, დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს და დემოკრატიის, უფლებებისა და შრომის ბიუროს ხელმძღვანელს ერინ ბარკლეის შეხვდა.

თეთრ სახლში შეხვედრა შედგა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სამხრეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორს ბატონ მეთიუ ეუსენთან.

სახალხო დამცველი შეხვდა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსს ბატონ კრის სოჩას, აპარატის უფროს თანამშრომელს ქალბატონ ჰანა ტობერნს და პოლიტიკის ანალიტიკოსს ბატონ ჯოზეფ ბიგანს; ასევე, სენატის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში თომას მელიას. შეხვედრებზე ევროინტეგრაციის პროცესში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა და ძირითადი ადამიანის უფლებების გამოწვევები განიხილეს.

აშშ-ს განვითარების სააგენტოში (USAID) დოქტორ ალექს სოკოლოვსკისთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერისთვის; ასევე, მიმოიხილეს მიმდინარე G2G პროექტი და საქართველოში არსებული გამოწვევები ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროში.

შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის რეგიონულ დირექტორთან ბატონ სტივენ ნიქსთან; საერთაშორისო ეროვნული ინსტიტუტის (NDI) ევრაზიის მიმართულების პროგრამის უფროს დირექტორთან მელისა სელინ მუსიოსთან; ასევე, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) რუსეთისა და ევრაზიის რეგიონის უფროს დირექტორთან ქალბატონ მირიამ ლანსკოითან.

სახალხო დამცველი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით თავის მოადგილეებთან, თამარ გვარამაძესა და გიორგი ბურჯანაძესთან ერთად იმყოფებოდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)