საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის ვიზიტი სტრასბურგში
2024 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე და თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (Equinet) წევრები სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერთის შეხვდნენ და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის საქმიანობის პრიორიტეტები, თანასწორობის ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხები და მოწყვლადი ჯგუფების მიერ თანასწორობის ორგანოებზე წვდომასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრაზე ირინე ჩიხლაძემ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისს შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ახლადდანიშნული კომისარი ამ თანამშრომლობას წარმატებით გააგრძელებს. „სწორედ, ევროპის საბჭოს სტრუქტურების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კომისრის აქტიურმა მხარდაჭერამ და საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის მუდმივმა ადვოკატირებამ გაზარდა ჩვენი ინსტიტუციის ხილვადობა საერთაშორისო დონეზე, რამაც დიდი დახმარება გაუწია სახალხო დამცველს სრული ძალისხმევა მიემართა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ.
17-18 ოქტომბერს ირინე ჩიხლაძემ სტრასბურგში (საფრანგეთი) თანასწორობის ორგანოებისთვის განკუთვნილ რასიზმის, შეუწყნარებლობისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ყოველწლიურ სემინარში მიიღო მონაწილეობა.
სემინარზე ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები განიხილეს; რასიზმისა და შეუწყნარებლობის მიმართულებით ჯანდაცვის სფეროს სისტემურ გამოწვევებზე, სტრუქტურულ დისკრიმინაციისა და ინსტიტუციური რასიზმის წინაღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრეს და თანასწორობის ორგანოების სტანდარტების შესახებ საბჭოს დირექტივა (EU) 2024/1499 მიიღეს.
ღონისძიება ECRI-ს 30 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა.