სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეების შეხვედრები ბრიუსელში

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ელენე ღუდუშაური, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპის ომბუდსმენის ოფისს ეწვივნენ, სადაც ევროპის ომბუდსმენის უფროს მრჩეველს კარლ დოლანს და კომუნიკაციების ხელმძღვანელს ჰონორ მაჰონის შეხვდნენ.

შეხვედრაზე თამარ გვარამაძემ და ელენე ღუდუშაურმა ევროპის ომბუდსმენის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, მისი მანდატი, საქმიანობის თავისებურებები და რეკომენდაციების შემუშავების პრაქტიკა გააცნეს; ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ქსელებში აპარატის ჩართულობასა და პარტნიორობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მქონე ქვეყნის ომბუდსმენს, შესაძლებლობა მიეცა თანამშრომლობა დაიწყოს ევროპის ომბუდსმენის ინსტიტუტთან, სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სახალხო დამცველი ევროპის ომბუდსმენთა ქსელის წევრად იქნა მიწვეული.

ბრიუსელში სახალხო დამცველის მოადგილეებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს ასევე ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) და ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) წარმომადგენლებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)