სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) მსოფლიოს მმართველი საბჭოს წევრი გახდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2021 წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველი პირველად შეუდგა ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) მსოფლიოს მმართველი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებას. საბჭოში სახალხო დამცველის აპარატი ევროპის რეგიონის წარმომადგენელი იქნება, რომლის წევრადაც იგი 2019 წელს აირჩიეს. მსოფლიოს მმართველი საბჭო აკონტროლებს ორგანიზაციის საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს მისი მომავალი აქტივობების თაობაზე.

IOI-ს მმართველი საბჭოს წევრობა სახალხო დამცველისთვის დიდი პატივია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს სახალხო დამცველის საქმიანობის მნიშვნელობას და აღიარებს მის როლს საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე. საბჭოში საქართველოს სახალხო დამცველი ავსტრალიის, საბერძნეთის, სამხრეთ აფრიკის, კანადის, ახალი ზელანდიის, დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ კორეის და სხვა ომბუდსმენებთან ერთად არის წარმოდგენილი.

IOI დაარსდა 1978 წელს ავსტრიაში და ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც 170-ზე მეტ ომბუდსმენის ინსტიტუტს აერთიანებს 100-ზე მეტი სახელმწიფოდან. IOI-ს მიზანია ომბუდსმენის ინსტიტუტების გაძლიერება მათი დაარსების ადვოკატირების, ინსტიტუტებს შორის ინფორმაციის გაცვლის, რეგიონული პროექტებისა და კვლევების დაფინანსების გზით.

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.theioi.org/

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)