საქართველოს სახალხო დამცველი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორს შეხვდა
2022 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორს ჯონ პენელს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ სტუმარს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა გააცნო და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა მიმოიხილა. ასევე, ისაუბრეს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ფარგლებში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე, მათ შორის, დამოუკიდებელი ინსტიტუტების მდგომარეობაზე, სასამართლო და ძალოვანი სისტემის რეფორმის პროცესზე, ადამიანის უფლებათა დარღვევის მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეებზე.
მხარეებმა USAID-ის და სახალხო დამცველის აპარატს შორის დადებული შეთანხმება განიხილეს, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაძლიერებაში მხარდაჭერა, განსაკუთრებით რეგიონებში.
საქართველოს სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ბატონ ჯონ პენელს იმ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რასაც ათწლეულებია აშშ-ს მოსახლეობა და USAID უწევენ საქართველოს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის წარმომადგენლები ლიზა კოვაკი და კორინ როტბლუმი.