სიახლეები

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სახალხო დამცველის აპარატს შორის მთავრობათა შორის შეთანხმება გაფორმდა

2022 წლის 28 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სახალხო დამცველის აპარატს შორის მთავრობათა შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

ახალი პარტნიორობის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაძლიერებაში მხარდაჭერა, განსაკუთრებით რეგიონებში.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსულმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა მოკლედ მიმოიხილა სამთავრობო შეთანხმება, თანამშრომლობა და საქართველოს დემოკრატიული მიმართულებით განვითარების მნიშვნელობა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას, იმ დიდ ძალისხმევას, რომელსაც აპარატის თანამშრომლები ყოველდღიურად ეწევიან ქვეყანაში თანასწორობისა და ტოლერანტობის დასამყარებლად; ასევე, მადლიერება გამოხატა მათი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის და განაცხადა, რომ ეს პირდაპირი გრანტი, რომელსაც USAID-ის პროექტი გულისხმობს, სწორედ სახალხო დამცველის ინსტიტუციისადმი დიდი ნდობისა და თანადგომის მაჩვენებელია.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებისთვის, რომელსაც ისინი უკვე ათწლეულებია უწევენ დამოუკიდებელ საქართველოს ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული რეფორმების გატარების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით.

„დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ასეთი მხარდაჭერა, ვინაიდან მთავრობამ, სახელმწიფო თუ საჯარო დაწესებულებებმა, თითოეულმა ჩვენგანმა ამ 6 თვის განმავლობაში თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს 6 თვე ჩვენი მომავლისთვის გადამწყვეტი პერიოდია.

ჩემი დარჩენილი ვადის განმავლობაში მთელი აპარატი ვიმუშავებთ, რათა ეს ნდობა და მხარდაჭერა გამოვიყენოთ ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების რეფორმების მხარდასაჭერად და მონიტორინგისათვის. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა არ არის მხოლოდ ჩვენს ძალისხმევაზე დამოკიდებული. ვფიქრობ, აუცილებელია სხვა სახელმწიფო უწყებებისგან მზაობა და ასეთ ისტორიულ პერიოდში, ნამდვილად ბევრი რამ არის დამოკიდებული კოორდინაციასა და ერთობლივ მუშაობაზე“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

USAID-სა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის შეთანხმების დეტალები სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განიხილა. შეთანხმების თანახმად, USAID-ის მხარდაჭერით სახალხო დამცველის აპარატი იმუშავებს რათა: 1) გაძლიერდეს შიდა შესაძლებლობები საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ეფექტური ზედამხედველობის განსახორციელებლად; 2) გაძლიერდეს შიდა მართვის პროცესები და ინსტიტუციური შესაძლებლობები; და 3) გაუმჯობესდეს სტრატეგიული კომუნიკაცია აუდიტორიასთან.

„პროექტი დაგვეხმარება უფრო მეტად ეფექტური გავხადოთ ჩვენი აპარატი იმ გამოწვევების საპასუხოდ, რაც ჩვენ წინაშე დგას. ადამიანის უფლებების დაცვა მუდმივი პროცესია, რომელსაც მუდმივი განახლება სჭირდება“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)