ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRI) გადამწყვეტი როლი ხანდაზმულთა უფლებების დასაცავად
2022 წლის 17 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალურმა ალიანსმა (GANHRI) ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალურ პროცედურებთან ერთად ონლაინ კონსულტაცია გამართა. შეხვედრის თემა იყო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საქმიანობა ხანდაზმულთა უფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში.
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები (NHRIs) გადამწყვეტ როლს ასრულებენ ხანდაზმულთა უფლებების დაცვაში, მათ შორის, სანდო ინფორმაციას აწვდიან საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებს ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ და ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების საფუძველზე იმპლემენტაციას.
კონსულტაციის ფარგლებში ასევე განიხილეს გაეროს დაბერების შესახებ ღია სამუშაო ჯგუფის მე-12 სესიის გეგმები, რომელიც 2022 წლის 11-14 აპრილს გაიმართება. კონსულტაციამ უნიკალური შესაძლებლობა მისცა GANHRI-ს წევრებს, გაიგონ მეტი გაეროს დაბერების შესახებ ღია სამუშაო ჯგუფის (OEWGA) საქმიანობის შესახებ და განიხილონ მის მუშაობაში თავისი ჩართულობის შესაძლებლობები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად.
ონლაინ კონსულტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გენერალური მდივნის თანაშემწემ ილზე ბრენდს კეჰრისმა და არგენტინის ელჩმა გაეროში და გაეროს OEWGA-ს თავმჯდომარემ მარია დელ კარმენ სკეფიმ.
გარდა ამისა, კლაუდია მალერმა, ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, დამსწრეებს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი NHRI-ების ჩართულობა ხანდაზმულთა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის მხრივ და მოუწოდა ყველა NHRI-ს აქტიური მონაწილეობა მიიღონ OEWGA-ს მე-12 სესიაში და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიებში.
ღონისძიების მეორე პანელსა და დისკუსიას მოდერაცია საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ გაუწია. შეხვედრის ამ ნაწილში ფილიპინების, ნიგერიისა და პოლონეთის წარმომადგენლებმა კოლეგებს თავიანთი ინსტიტუციების საერთაშორისო, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე ჩართულობისა და ადვოკატირების კარგი მაგალითები და გამოცდილება გაუზიარეს.
გლობალურ კონსულტაციაში 60-ზე მეტმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული სახალხო დამცველის აპარატი, როგორც GANHRI-ის დაბერების და ხანდაზმულთა უფლებების სამუშაო ჯგუფის წევრი. გლობალური კონსულტაციის მონაწილე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს თავისი წვლილი შეიტანონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ გაეროს დაბერების შესახებ ღია სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.